ჩვენ შესახებ

მუზეუმის არქივებსა და ფონდებში დაცულია უნიკალური ისტორიული ღირებულების მასალა (19,000 საექსპოზიციო ერთეული) და ხელოვნების ნიმუშები (ლ. გუდიაშვილის, თ. მირზაშვილის და სხვ. ნახატები, ქანდაკებები), სამი ათასი წლის მემკვიდრეობა. სამუზეუმო ექსპოზიცია ცხადყოფს კოლხურ-იბერიული მედიცინის პირველადობის ცნობილ თეზას, წარმოაჩენს კავკასიური რასის წარმოშობის წინაპირობებს, მის გენეტიკურ კავშირებს შუმერულ, ხმელთაშუაზღვისპირა სამყაროსთან, ევროპასთან.
ფონდებში დაცულია სამედიცინო ხელნაწერები, არქეოლოგიური მასალა, მეტად მდიდარი ფოტოკოლექცია, გამოჩენილ ქართველ მედიკოსთა პირადი არქივები, ძველი, რარიტეტული სამედიცინო ხელსაწყოები და აპარატურა.
ექსპონატების მნიშვნელოვანი ნაწილი მოპოვებულია საქართველოს ყველა კუთხეში მოწყობილი ორმოცამდე სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად. ეს არის ქართული ხალხური მედიცინის უნიკალური მასალა: ათიათასობით რეცეპტი და ასეულობით მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის კომპონენტი, ჰერბარიუმები. მასალა სისტემტიზებულია დაავადებებისა და რეგიონების მიხედვით, შესწავლილია მეცნიერულად და მოწოდებულია თანამედროვე მედიცინაში გამოყენების შესაძლებლობები.
მუზეუმი წარმოადგენს სასწავლო-სამეცნიერო ბაზას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, საინფორმაციო და რესურს-ცენტრს ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის, ტურისტებისა და პოტენციური პარტნიორისთვის.
სასწავლო და სამეცნიერო ბაზა, მოიცავს ათასზე მეტ სამეცნიერო ნაშრომს, მათ შორის სამოცამდე მონოგრაფიას და სამედიცინო ხასიათის ხუთასზე მეტ ხელნაწერს.
მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცულია ქართველი და უცხოელი ავტორების სამედიცინო, ისტორიული, გეოგრაფიული და სხვა სახის არაერთი იშვიათი წიგნი. მუზეუმის ეგიდით დაიწყო ქართული სამედიცინო დამწერლობითი ძეგლების მრავალტომეულის _ “ქართული სამედიცინო საუნჯე” _ გამოცემა.